ზესტაფონში წარმოებული ღვინო “კვალითი” ევროპასა და ამერიკაში იყიდება.

მას კვალითელი არჩილ გუნიავა ამზადებს. ღვინოს ბაბუის დანატოვარ ქვევრებში აყენებენ. ბოთლში ჩამოსხმულ მზა პროდუქტზე კი მისი მშობლიური სოფლის სახელი დაიტანა. 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მამ-პაპისეულ მარანში, ტრადიციული ქვევრის ღვინის ბოთლში ჩამოსხმა გადაწყვიტა და მარანს ჩამოსასხმელი პრესი და მცირე წარმადობის დანადგარი შემატა. 2011 წელს, ბოთლში ჩამოსხმული ციცქა და ცოლიკაური პირველად იტალიაში გაიტანა. ასე იქცა ტრადიციული ქვევრის ღვინის მწარმოებელად. მას მერე არჩილ გუნიავას მიერ წარმოებული ღვინის ნახევარი ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში იყიდება, ასევე კანადასა და ავსტრალიაში. ნატურალური, არაინდუსტრიული ღვინით ძირითადად ღვინის რესტორნები და ბარები ინტერესდებიან საქართველოსა და უცხოეთში.

როგორც თავად ამბობს, ღვინის წარმოების ეს მიმდინარეობა სრულიად განსხვავდება ინდუსტრიული მეღვინეობისგან- იგი იდეების ერთგულებას, დიდ შრომასა და ტრადიციებს აერთიანებს.

​”ღვინო იწყება ვენახიდან – ჩვენ ძირითადად ვშრომობთ ხელით. ვენახში არ ვიყენებთ მძიმე ტექნიკასა და ძლიერ შხამ-ქიმიკატებს, მხოლოდ ბიოპრეპარატებს,”-ამბობს არჩილ გუნიავა, რომელმაც წელს მის მეურნეობაში 12 ტონა ყურძენი მოიყვანა და 8 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხა.

ტრადიციული იმერული ჯიშების გარდა, როგორებიცაა ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანურის საფერე და სხვა, მისმა ერთ-ერთმა შვილმა მოიძია და გადაარჩინა გადაშენების პირას მისული, ძველი იმერული შავი ყურძნის ჯიში “მგალობლიშვილი” და მისგან ამავე სახელობის იშვიათ ღვინო ჩამოასხა.


ფოტო: ზესტაფონის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *