19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია “აიგრუპმა”

იმ ელექტრომობილის მოდელი წარადგინა, რომელსაც ელექტრომობილების ქარხანა პირველ ეტაპზე გამოუშვებს. როგორც ცნობილმა სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ გვითხრა, ბულვარში წარმოდგენილი მოდელი “ჩანგანს” ეკუთვნის და ქარხანა “ორვო” სწორედ ამ მოდელზე შექმნილი გარდამავალი მოდელით დაიწყებს ფუნქციონირებას. 

“ელექტრომობილების მოდელი არის შემუშავების პროცესში. ჯერ იქნება გარდამავალი მოდელი და შემდეგ იქნება ქართული მოდელი. გარდამავალ მოდელზე გამოყენებული იქნება ჩვენი ბრენდის სახასიათო ელემენტები და სახე. სწორედ მისით წარვუდგებით ქართველ მომხმარებელს, შემდეგი იქნება სრულად ქართული მოდელი,”-განაცხადა ციკოლიამ.

დიზაინერი ამბობს, რომ ქართული ელექტრომობილის უპირატესი მახასიათებლები უსაფრთხოება, კომფორტი და მიმზიდველი ფასი იქნება.

“გვინდა, გავზარდოთ ელექტრომობილის გამავლობა, რომ იყოს 400 ან მეტი კილომეტრი. უნდა შევქმნათ ისეთი მანქანა, რომელიც იქნება კომფორტული და ქართველებისთვის მისაღები. ამავე დროს, არ ვივიწყებთ იმ საერთაშორისო ბაზრებსა და კონკურენტებს, რომლებიც დღეს მსოფლიოში არიან წარმოდგენილი. მანქანა უნდა იყოს ძალიან თანამედროვე და შეიძლება ითქვას მომავლისაც,”-ამბობს დიზაინერი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების გადაადგილებისათვისაა საჭირო, ზვიად ციკოლია ამბობს, რომ “აიგრუპი” როგორც პიონერი გვევლინება და პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა მიმდინარეობს.

ფოტო” რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *