ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა

შრომით-სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან კოლექტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი”-ს ადმინისტრაციასა და პროფესიულ კავშირს შორის.

მოლაპარაკებებში ადგილობრივ და დარგობრივ პროფკავშირებთან ერთად, ჩართული იყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ქარხნის ადმინისტრაციის მხრიდან კი გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა კომპანიის სპეციალური მმართველი.

მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:

2019 წლის 1-ლი ივნისიდან შრომის ანაზღაურების ზრდა 15%-ით;

2019 წლის 1-ლი ივნისიდან ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურების ზრდა 50%-ით;

დასაქმებულების მომსახურე ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლება;

ავტობუსების მოძრაობის გრაფიკში ცვლილებების შეტანა დასაქმებულთა სურვილებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

საწარმოს სავაჭრო ობიექტში ახალი ოპერატორი კომპანიის შემოყვანა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა პროდუქტების ხარისხი და დაწესდა გონივრული ფასები;

კონკრეტულ სამუშაო პოზიციები, რომლებზეც ფიქსირდებოდა სამუშაო ძალის ნაკლებობა, შეივსო ახალი კადრებით;

მე-4 საამქროს დასაქმებულებისთვის მოწესრიგდა ნორმადარის მიერ ხელფასთან დაკავშირებული საკითხებით ინფორმირების პროცესი;

ერთერთი საწარმო უბნის (მასების უბანი) დასაქმებულთა სამუშაო გრაფიკში (დასაქმებულთა სურვილის გათვალისწინებით) შევიდა გარკვეული ცვლილებები;

დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა სურამის დასასვენებელი საგზურებით უზრუნველყოფა კომპანიისა და პროფკავშირის თანაორგანიზებით და თანადაფინანსებით;

სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებების წამოწყება სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *