საზოგადოება
ხარაგაულში სტიქ​იის შედეგად დაზიანებული წყლის მაგისტრალი ორ კვირაში შეკეთდება
ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული 2 კმ-მდე წყლის მაგისტრალის გამო, დაბა ხარაგაულს წყალი გრაფიკით მიეწოდება. 

"მოსახლეობა პატარა ხარაგაულის ალტერნატიულ წყლის რეზერვუარში არსებული მარაგიდან დღეს, 20:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო ხვალ, 08:00 საათიდან 09:00 საათამდე ისარგებლებს. ვინაიდან, ალტერნატიულ რეზერვუარში მარაგი ხვალიდან აღარ იქნება წყალს მოსახლეობა სპეციალური ცისტერნებით მიიღებს,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო, რასაც, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დააზარალა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
| Print |