ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლობა ეხმაურება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება გუშინვე დაიწყეს და მუშებმა დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს.

“დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. გამომდინარე აქედან, “ჯორჯიან მანგანეზი” მიიჩნევს, რომ ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც “ჯორჯიან მანგანეზისთვის” კატეგორიულად მიუღებელია,”-აცხადებენ კომპანიაში.

15 მაისს, საღამოს საათებში მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *