14 აპრილს, 13:00 საათზე, მონპლაზირის თაღთან

დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული ნახატის პრეზენტაცია გაიმართება.

“მოხატე ქალაქი დედა ენით” გამარჯვებულები მარიამ ქებურია და თამარ წახნაკია გახდნენ. მათ ქალაქის ცენტრში 100 კვმ. კედელი მოხატეს.

“გადავწყვიტეთ, მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ანბანსა და განათლებაზე, ისტორიული წერილებიდან წამოსულ ინსპირაციებზე და მრავალფეროვნებაზე,”-განაცხადეს მხატვრებმა.

გამარჯვებულები ქუთაისის მერიის, ზურაბ ჟვანიას სკოლისა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა კომისიამ გამოავლინა.

“მარიამ ქებურიასა და თამარ წახნაკიას ნამუშევარში შენარჩუნებულია კედლის პირველადი სახე და მიღებულია აგურის შენობისა და თანამედროვე ნახატის სინთეზი. გამოყენებული ფერთა პალიტრა მორგებულია გარემოს იერ-სახეს. აღსანიშნავია ნამუშევრის შინაარსობრივი ნაწილიც, რომელზეც გამოსახულია როგორც ანბანის ელემენტები, ასევე ახალგაზრდა თაობის წიგნთან ურთიერთობით გამოწვეულ აღტაცებას,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მხატვრებმა კიდევ ერთი ნახატი -“დედა ენა” შეასრულეს, რომელიც, როგორც მერიაში განმარტავენ, ძირითადი ნამუშევრის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *