საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის

მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძე ტყიბულში მომხდარ უბედური შემთხვევის ადგილზე სიტუაციას გაეცნობა. როგორც მან რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, საქნახშირი აქამდე მომხდარი საწარმოო შემთხვევების დროს მათ ფაქტის კვლევის კომისიის შექმნის უფლებას არა აძლევდა. მისი თქმით, ამგვარი კომისიის შემქნა აუცილებელია.

“ყველა ჯერზე გვაქვს მცდელობა გამოძიებაში ჩართვის და კომპანიისგან ყველა ჯერზე ვთხოვთ გამოძიების პარალელურად შეიქმნას ფაქტის კვლევის კომისია, სადაც ჩვენი წარმომადგენელი იქნება შეყვანილი, თუმცა ტყიბულის შემთხვევაში  ეს არასოდეს არ ხდება. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტის კვლევის კომისიამ სხვა რა უნდა დაადგინოს. მივდივარ ტყიბულში და ადგილზე სიტუაციის ნახვის შემდეგ მოვიკითხავ მართალია თუ არა ის განცხადება რასაც კომპანია ავრცელებს. ეს გამოსაკვლევია, მართლა სამთო დარტყმის შედეგად მოხდა უბედური შემთხვევა, თუ  არა.”

თამაზ დოლაბერიძის თქმით, სამთო მრეწველობა არის მომეტებული რისკის სამრეწველო ობიექტი და აქ საწარმოო შემთხვევა უფრო მეტია ვიდრე სხვა საწარმოში. ის დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და ამის გამო სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

“სახელმწიფო პოლიტიკა არის არასწორი. მუშაობს ის დოქტრინა, რომ ბიზნესი არის ხელშეუხებელი და არ შეიძლება ზედმეტი ხარჯი დააწვეს. ეკონომიკის ასე ვთქვათ “გაპრავებით” ისევ ეკონომიკას სჭირდება და არაუშავს, რომ ვინმე მუშაობს საფრხის შემცველ გარემოში. ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს შრომა, დასაქმება, შრომის უსაფრთხოება და ა.შ. აუცილებელია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება.”- განაცხადა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ.

შეგახსენებთ, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მუშა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *