საზოგადოება
ქუთაისის საბაგიროს ტექნიკური დათვალიერება მიმდინარეობს
ქუთაისში, ბესიკ გაბაშვილის სახელობის ე.წ "გორის პარკთან" მისასვლელი საბაგიროს ფუნქციონირება დროებით შეწყვეტილია. პარკის დირექტორის კახა კუხიანიძის განმარტებით, ამ ეტაპზე საბაგიროს ტექნიკური დათვალიერება და ბაგირების შეცვლა მიმდინარეობს.

"ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, ბაგირები იცვლება. შაბათს ველოდებით სპეციალისტებს თბილისიდან და ჩამოიკიდება ახალი ბაგირები. ვატარებთ შიდა დათვალიერებას. დიდი სამუშაოები აღარ დაგვრჩა,"-განაცხადა კუხიანიძემ.

კახა კუხიანიძის თქმით, ტექნიკური დათვალიერება ე.წ "გორის პარკში" განთავსებულ ატრაქციონებსაც უტარდებათ.

სავარაუდოდ, საბაგირო მუშაობას მომდევნო კვირაში განაახლებს.

ქუთაისის საბაგირო 1961 წელს აშენდა, რომლის დანიშნულებაც ქალაქის ცენტრიდან პარკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანაა.

ფოტო: ზურაბ ბალანჩივაძე
| Print |