ქუთაისში მულტიმედია

პლატფორმის “მრავალფეროვანი სახეების” პრეზენტაცია გაიმართა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოთხი ვიდეოს ჩვენება მოეწყო, რომელთა შორისაა: “ჰურიე”, “ბიბლია ჟესტების ენაზე”, “პოლონელი მღვდელი სამცხედან” და “ნიგერიელი გოგო თბილისში”.

“ვიდეო პორტრეტები მოგვითხრობს მუსლიმი გოგოს, ჰურიეს შესახებ; გვიჩვენებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიას ჟესტების ენაზე სწავლობენ; კათოლიკე მღვდელს, რომელიც საქართველოზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და ნიგერიელ სტუდენტს, რომელიც რასიზმის პრობლემაზე საუბრობს,”-განაცხადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა ეკა ჭითანავამ.

ჭითანავას განმარტებით, ოთხივე დოკუმენტური ვიდეო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ მოგვითხრობს. მისივე თქმით, პლატფორმის მიზანს სწორედ ამ ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა წარმოადგენს. ჭითანავას განცხადებით, ამ ადამიანებს საქართველოში სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ.

“პრობლემების სპექტრი ძალიან ფართოა, არის როგორც სისტემური პრობლემები, ასევე ინდივიდუალური. მივედით დასკვნამდე, რომ საზოგადოებაში ძალიან მწირია განათლება ეთნიკური უმცირესობების შესახებ, მრავალფეროვნება აღიქმება საფრთხედ და არა სიმდიდრედ. ამ მასალების საშუალებით გვინდა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ,”-განაცხადა ჭითანავამ.

დოკუმენტური ვიდეოები სამცხეში, აჭარასა და თბილისშია გადაღებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *