,,ვაპირებთ თუ არა ციხეში სიკვდილის ნება მივცეთ ადამიანს, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო?”

– ამ კითხვით იწყებს საკუთარ წერილს ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი.

წერილი ევროპელმა პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, ევროპარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში აპირებენ მობილიზებას, რათა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ევროპულ ჰოსპიტალში გადაიყვანონ.

,,მიხეილ სააკაშვილი სრულიად მართალი იყო. საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე გვაფრთხილებდა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი უქმნიდა მთელი ევროპის კონტინენტს და ის შეეჯახა ჩვენი მთავრობების სიბრმავეს, სიყრუეს და კომპრომისებს.

სრულიად არარეალისტური „რეალური პოლიტიკის“ მიმდევრები, რომლებიც იმ დროს მართავდნენ დასავლურ დემოკრატიებს, დათანხმდნენ საქართველოს დაშლას 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში რუსული ჯარები შეიჭრნენ. მათ უარი თქვეს თბილისიდან მომავალი განგაშის გაგონებაზე. მათ სააკაშვილს გიჟი ან შეშლილი უწოდეს, როდესაც მან განაცხადა, რომ პუტინი არ გაჩერდება კავკასიაში, რომ ის უკრაინას თავს დაესხმება და რომ მისი ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ ევროპულ იდეას ემუქრებოდა.

იმ დროს საქართველოში ვიყავი და მახსოვს, როგორ მარტო ვგრძნობდით თავს იქ, სოლიდარობის ოდნავი ჟესტისთვის და ოდნავი მხარდაჭერისთვისაც გვიწევდა თხოვნა. გაზის კონტრაქტების კედლისა და მიძინებული სინდისის მავთულხლართების პირისპირ.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი მართალი იყო და ჩვენი მაშინდელი ლიდერები ცდებოდნენ. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ვიყოთ ასე გულუბრყვილოები და მშიშრები ამდენი ხანი. დღეს ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გადავიაზრეთ. და ვითარება შეიცვალა.

მაგრამ დღეს ადამიანს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარებზე დააკაკუნა, გისოსებს მიღმა სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი, რომელიც ფარულად მართავს ქვეყანას, რომელმაც რუსეთში დააგროვა თავისი ქონება და არასოდეს გაუწყვეტია კავშირები რუსეთთან.

ამერიკელი მეცნიერების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს მისი თმა და ფრჩხილის ნიმუშები – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია დარიშხანითა და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ძაფზე ჰკიდია.

ევროპარლამენტში ვაპირებთ მთელი მომდევნო კვირა მობილიზებას, რათა მიშა ევროპულ ჰოსპიტალში გადაიყვანონ. რათა ჩვენმა ქვეყნებმა ხვალ არ დაუშვან პრეზიდენტი სიჩუმეში მოკვდეს, პრეზიდენტი, რომელსაც გუშინ ასე ჯიუტად არ უგდებდნენ ყურს”,- რაფაელ წერს გლუკსმანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *