,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება და ყველამ, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული მისთვის საკვების მიღება.

 

ეკა ხერხეულიძე ამბობს, “ვივა მედის” კლინიკური დირექტორის გუშინდელი განცხადება მისთვის წარმოუდგენელი იყო.

 

როგორც ეკა ხერხეულიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არა არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს.

,,მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია – ეს მას არ შეუძლია,”-ამბობს ეკა ხერხეულიძე.

 

რაც შეეხება ზონდით კვებაზე გადასვლას, როგორც ის ამბობს, პაციენტის თანხმობის გარეშე ხელოვნური კვება ვერ მოხდება.

 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონაა პასუხისმგებელი თავის ჯანმრთელობაზე, რადგან მან მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდ.

 

,,პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა არის თვითონ, ნებისმიერი პირი ასე ვთქვათ თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს. კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვინ არის პასუხისმგებელი, მგონია, რომ ეს ჩვენთან ზოგადად ან ნებისმიერ პირთან არის უადგილო. მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა საკუთარი თავის საზიანოდ, რომელიც ბუნებრივია მის ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა, ეს როგორც ჩანს მისი არჩევანი თუ გადაწყვეტილება იყო. მე არ მითქვამს, რომ ძალით ვინმე იკლავს თავს, ჯერ ერთი, არ მგონია, რომ ასეთი მკაფიო და ხმამაღალი განცხადებები უნდა გაკეთდეს”,-განაცხადა”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

 

 ” ვივა მედის” ექიმმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე საუბრისას გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია.

,,მიხეილ სააკაშვილი არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. ის ცდილობს, რომ გადარჩეს”-ეკა ხერხეულიძე