ვივა მედის კლინიკური დირექტორი უარყოფს სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში კვებასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არსებობს.

 

,,გუშინდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო უარყოფა გავრცელებული არასწორი ინფორმაციის, რომ პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კვებასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად გვაქვს ჩვენ პაციენტთან ამაზე საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი. თუ პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინების შეგრძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში პაციენტთან შეთანხმებით ნაზოგასტრალური ზონდი, გამოიყენება,” ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

 

ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს მიიღოს საკვები, თუმცა ზოგჯერ იმ მცირე საკვების შენარჩუნებასაც ვერ ახერხებს, რასაც იღებს.

,,დავდივარ ყოველ დღე და ვარ მოწმე იმის, რომ ძალიან ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ორ ლუკმასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს, თუ ინარჩუნებს ძალიან უჭირს, ეწყება ხშირი სუნთქვა, უჭირს საკვების მიღება,” -ამბობს გიული ალასანია. 

ცოტა ხნის წინ “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ სპეციალური საგამოძიებო ორგანოს გამომძიებლები. უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა დღეს ნიმუშების აღებაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო და საგამოძიებო მოქმედებები მომდევნო დღეებში ჩატარდება.

,,ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ამასაც ზოგჯერ ვერ ინარჩუნებს” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე