ცენტრმა “ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული ექსპერტიზის ნაწილი გაასაჯაროვა. 

 

ექსპერტები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი. დასკვნის მიხედვით, ცალკეული დიაგნოზები გამოიწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას და სიკვდილსაც.

,,ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია,” – ამბობს ცენტრ ,,ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. 

 

 

ექპსერტიზის შედეგები:

1.”დაპატიმრების წინ (01/10/2021) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე შფოთვით – დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტ-კოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიურ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა”;

 

2. “გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო – ფსიქიკური, გასტრო – ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები”;

 

3. “მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება; აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიული ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი”;

 

4. “გამოსაკვლევი პირი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას… შიმშილობის ფონზე, ასევე შიმშილობის შედეგად განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ფონზე, მოწყვლად მდგომარეობაში, სახელდახელოდ მოწყობილ ინტენსიურ პალატაში იგი იმყოფებოდა მარტო, დაძახილზე არ რეაგირებდნენ, კვლავ ისმოდა მისი მისამართით პატიმრების ყვირილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ამ მდგომარეობაში გამოსაკვლევი პირი იმყოფებოდა სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ (19/11/2021)”;

 

5. “აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად (ფიზიკური ტრავმატიზაციის შედეგად) დიდი ალბათობით, მან მიიღო ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ასევე განუვითარდა მძიმე ფორმის ტრავმული სტრესული აშლილობა, შიმშილობისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და დისფუნქციის ფონზე. აღნიშნული დაზიანება საქართველოში მოქმედი, სამწუხაროდ, სსრკ – ს დროინდელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის სასამართლო – სამედიცინო განსაზღვრის მოქმედი წესის თანახმად, ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის დაზიანება, თუმცა, ერთობლიობაში აღებული ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმებისა და შედეგების გათვალისწინებით – ფასდება, როგორც მძიმე ხარისხის დაზიანება”;

 

6. “მთელი ტრავმული სტრესული გამოცდილება ციხეთა სისტემაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტებით, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ფასდება, როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევი და შესაბამისად, როგორც წამება”;

 

7. “წარმოდგენილი დიაგნოზების თანახმად (ფსიქო – ნევროლოგიური მიმართულებით) მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი; ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება… არის გათავისუფლების საფუძველი, ხოლო გასტრო – ენტეროლოგიური და ნუტრიციული მიმართულებით, ფასდება როგორც მძიმე კახექსიის რისკის შემცველი”.

 

დასკვნაზე 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან  დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება.