ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჭანტურიას ქუჩა, რომელიც რამდენჯერმე ჩაინგრა, არც წელს რეაბილიტირდება.

ამის მიზეზად თვითმმართველობაში ქუჩის დაზიანებულ საძირკველს ასახელებენ. ზესტაფონის მერის პირველი მოადგილე დავით მაღრაძე ამბობს, რომ ქერქული ნარჩენების უკანონოდ მოპოვების გამო, ჭანტურიას ქუჩას საძირკველი თითქმის არ აქვს. ქუჩაზე სამუშაოების დასაწყებად სახელმწიფომ აუქციონი უნდა გამოაცხადოს, ლიცენზია გაყიდოს და ლიცენზიის მფლობელმა პირმა ქერქული ნარჩენები ამოიღოს.

“წლების განმავლობაში, ჭანტურიას ქუჩის ქვემოთ განთავსებულ ქერქულ ნარჩენებს გარკვეული პირები უკანონოდ მოიპოვებდნენ. ამის გამო ქუჩის საძირკველი დაზიანდა. იქ არის გარკვეული გვირაბები გაყვანილი და ქუჩის საფარის რეაბილიტაციას აზრი არ აქვს. არის მისი საფარის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები ბიუჯეტში, თუმცა, თუ წინასწარ საძირკველი არ მომზადდა, ზედა საფარის რეაბილიტაციას აზრი ეკარგება. რაც შეეხება საძირკველს, აქ არსებული ქერქული ნარჩენები ეკუთვნის სახელმწიფოს. სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს აუქციონი, გაყიდოს ლიცენზია, ლიცენზიის მეპატრონემ კი უნდა მოიპოვოს ქერქული ნარჩენები- სრულად ამოიღოს, რომ მოხდეს ამ ქუჩის რეაბილიტაცია. როგორც ჩანს, ასეთი პიროვნება არ არის, თორემ სახელმწიფო აუცილებლად გამოაცხადებდა აუქციონს,”-განაცხადა დავით მაღრაძემ.

როდის დაიწყება სამუშაოები უცნობია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სახელმწიფო საკუთრებას თვითმმართველობა ვერ შეეხება და პრობლემის მოგვარების სხვა ბერკეტი არ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *