ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრმა 2019 წელი შეაჯამა.

ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, მთავარ გამოწვევად ქალაქში არასეზონურ პერიოდში ტურისტების რაოდენობის შენარჩუნება რჩება.

“მთავარ გამოწვევად რჩება ტურისტების რაოდენობის შენარჩუნება არასეზონურ პერიოდში თუ როგორ შეიძლება ტურისტების შენარჩუნება 4-ვე სეზონის განმავლობაში,”-განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ქუთაისსა და მუნიციპალიტეტებში ტურისტული ლოკაციების რაოდენობის ზრდაა საჭირო.

“გამოწვევად რჩება, რომ ტურისტები დიდი ხნით შევაყოვნოთ ჩვენს ქალაქსა და იმერეთში. ამისათვის ვზრდით ტურისტებისათვის საინტერესო ლოკაციების რაოდენობას,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ტატო ლილუაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, 2019 წელი ტურისტების რაოდენობის 13 %-იანი ზრდით დასრულდა. მისივე განმარტებით, ქუთაისში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიიდან, პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება. ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, საინფორმაციო ტურები უცხოელი ჟურნალისტებისათვის და ქუთაისის ბრენდინგი ქალაქში ტურისტების რაოდენობის მატებას გამოიწვევს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *