წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო.

განხილვაზე მიწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

“ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის გეგმის განხილვას, გვსურს ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო, ვინაიდან პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ცნობილი ყველასთვის,” -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებიან.

“ამ გეგმის ფარგლებში ძალიან დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს – რა ფუნქციებს შეასრულებს სახელმწიფო, რას ვთავაზობთ კერძო ბიზნესს და ა.შ. პროექტი თავისი მასშტაბით არის ისეთი ბუნების, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და ეს არის რეალურად, საერთო სახალხო პროექტი. შესაბამისად, გვსურს ძალიან დეტალურად გაიწეროს მისი განვითარების გეგმა” – აღნიშნა ნათია თურნავამ.

​თურნავას განმარტებით, მომდევნო შეხვედრა კერძო სექტორთან, ბანკებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გაიმართება. 

წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *