ქუთაისის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა, მემორანდუმი ძირითადად ქუთაისში მცხოვრები დევნილების პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული. გამახარიამ ქუთაისს დევნილების მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. მისი განმარტებით, დევნილების წინაშე ძირითადად საყოფაცხოვრებო პირობებისა და დასაქმების პრობლემა დგას. 

“ჩვენ მუდამ მადლიერები ვიქნებით ქუთაისის დევნილების შეფარებისა და მიღებისათვის. დარწმუნებული ვართ, დევნილები არ ელიან რომ დღეს ან ხვალ მათ აფხაზეთში დავაბრუნებთ, მაგრამ მიხვდებიან რომ მათზე ვზრუნავთ, რაც ქალაქში სხვა ატმოსფეროს შექმნის. გვინდა, წინასწარ კარგად შევისწავლოთ მათი პრობლემები. დევნილებს ყველგან ერთი და იგივე პრობლემა აქვთ- ეს არის საყოფაცხოვრებო პირობები, დასაქმება. გარკვეული პროექტები და პროგრამები გვაქვს. ჩვენ დავიწყებთ მის განხორციელებას ქუთაისშიც. მემორანდუმი უფრო მეტად თეორიული და პოლიტიკური ხასიათის იქნება. წარმოდგენილი იქნება სამშვიდობო ინიციატივები, რომ აქ ბევრი აფხაზი ჩამოვიდეს,”-განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებებთან ერთად ქუთაისსა და ზუგდიდში სხდომების ჩატარებაც იგეგმება.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *