ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში მეშახტეებსა

და კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენლებს ხვდება. მოლაპარაკება მინდელის შახტის ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარეობს. 

“ჩემთვის მთავარია, კომპანიისგან მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები, თუ როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები, და რაც მთავარია, როდის აღდგება მადნის მოპოვება უსაფრთხო შრომის პირობებში, როდის დაიწყებს საწარმო ნორმალურად ფუნქციონირებას. ხელფასების საკითხი უნდა გადაწყდეს უსწრაფესად”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტყიბულში კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი”-ს წარმომადგენლებთან და მეშახტეებთან შეხვედრისას.

ნათია თურნავა ტყიბულში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფება. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, მთავრობა იქნება გარანტორი, რომ კომპანიამ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

“ჩვენ ძალიან გვაღელვებს ტყიბულელი მეშახტეების ბედი, კარგად ვიცი ეს სფერო, პრემიერ-მინისტრის უმკაცრესი დავალება მაქვს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები, პირველ რიგში კი თქვენთვის, მეშახტეებისთვის – თქვენ ხართ “საქნახშირის” მთავარი სიმდიდრე, აქაური მთავარი ძალა”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფთან, მათ მოძიებული ჰყავთ ინვესტორი. მისი ინფორმაციით, ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *