შპს “მაკნატუნას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოწმებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შპს “მაკნატუნას” სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია გასული წლის 26 ნოემბერს დაიწყო და ამჟამად კი მიმდინარეობს შპს “მაკნატუნას” მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.

“აღნიშნული პროცესი სრულ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით,”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწმებას პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს “მაკნატუნაში” მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა,”-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შპს “მაკნატუნამ” პროდუქცია ანტისაოკუპაციო შეფუთვით გამოუშვა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო კომპანიის შემოწმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *