სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც

საკუთარ ავტომობილებზე წარწერის “რუსეთი ოკუპანტია”-ს დატანას გულისხმობს, ძირითადად საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შეუერთდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა აღნიშნული წარწერით დამზადებული სტიკერები ქუთაისის საკრებულოს ყველა წევრს, მერსა და მერის მოადგილეებს გაუგზავნეს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, აქციაში ჩართვის სურვილი საკრებულოში ფრაქციების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებმა გამოთქვეს. მათ სტიკერები საკუთარ ავტომობილებზე უკვე დაიტანეს. მმართველი გუნდიდან კი კუთვნილ ავტომობილებზე სტიკერები კი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ და დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ გააკრეს. საკუთარი ავტომობილის არ ყოლის გამო, სამუშაო ოთახის კარზე დაიტანა სტიკერი უმრავლესობის დეპუტატმა, ოთარ ლორთქიფანიძემ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღემდე არ იციან საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის პოზიცია.

“ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ქალაქში უამრავი ტურისტი დადის და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მათ კი უნდა იცოდნენ რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ამას არ შევეგუებით,”-აცახდებენ სამოქალაქო აქტივისტები.

აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სოციალურ ქსელში შექმნილია სპეციალური ჯგუფიც.

სამოქალაქო აქტივისტებმა აქციის შესახებ ვრცლად რადიო “ძველი ქალაქის” გადაცემაში “მთელი დღე” ისაუბრეს.

ფოტო: ჯგუფი სოციალურ ქსელში “რუსეთი ოკუპანტია”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *