ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ მის დებულებაში

წევრთათვის ეთიკის ნორმების გაწერაზე იმსჯელა. გარდა ამისა, ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს წევრთა ეთიკის ნორმების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციის წარდგენას მოიცავს.

“ინიციატივა ეხება გენდერული საბჭოს დებულებას და მეორე ინიციატივა შეიძლება შევიდეს საკრებულოს რეგლამენტში ან შეიქმნას ცალკეული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ეთიკის ნორმებს საჯარო პოლიტიკური პირისათვის და დააკისრებს პასუხისმგებლობას. ეს იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომელიც მეტ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს ადგილობრივ დონეზე,”-განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

შენგელია ადასტურებს, რომ საბჭოში ინიციატივის წარდგენა ნანა კოსტავას გარშემო მომხდარი ამბებიდან გამომდინარე მოხდა. 

კითხვაზე, ექნება თუ არა ბერკეტი დებულებას, შენგელია ამბობს, რომ დოკუმენტი უკვე არსებული კანონმდებლობიდან ადგილობრივ დონეზე იქმნება. 

“ჩვენ მთავრობის დადგენილებით და ორგანული კანონიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ ეს დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ ვერ შევქმნით ​განსხვავებულ ვერსიას. კანონი რასაც ითვალისწინებს, ის იქნება ადგილობრივ დონეზე,”-განაცხადა შენგელიამ.

ქუთაისის საკრებულოს ამ დრომდე ცალკე ეთიკისა და პოლიტიკოსთა ქცევის წესების შესახებ დოკუმენტი არ აქვს. საკრებულო, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილში მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *