ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო სამოქალაქო კამპანიას დაიწყებს.

“მოუარე შენს ქალაქს” მიმართული იქნება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისაკენ და მოქალაქეებს საერთო საკუთრების მოვლისაკენ მოუწოდებს. კამპანიის დაწყების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივებმა სხვადასხვა ობიექტები დააზიანეს, მათ შორის ახლადრეაბილიტირებული ქუჩები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ენეგრო ველოსიპედები და სხვა.

“ქალაქში შემჩნეულია მრავალჯერადი ვანდალიზმის ფაქტები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ სამოქალაქო კამპანია. გვინდა, ვისაუბროთ პრობლემაზე. გვაქვს სამუშაო გეგმის მონახაზი. იგეგმება, რომ ჩატარდეს შეხვედრები სკოლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში, იმ ქუჩების მოსახლეობასთან, სადაც  აღნიშნული ფაქტები გამოვლინდა,”-განაცხადა საბჭოს მდივანმა ნუგზარ კოხრეიძემ.

რაც შეეხება ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენის შემდეგ პირების სამართლებრივი გზით დასჯას, ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ უფრო მეტად სხვადასხვა ობიექტებს ბავშვები აზიანებენ. მისივე განმარტებით, ეფექტურ შედეგს ვერც ადგილზე კამერების დამონტაჟება მოიტანს და პრობლემის მოგვარება მხოლოდ ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებას შეუძლია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *