პოლიტიკა
"პროექტი უკვე დამტკიცებულია" - გუბერნატორი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობაზე
თერჯოლის მოსახლეობის პროტესტს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატორმა უპასუხა. როგორც შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა, პროექტი უკვე დამტკიცებულია.

"ინვესტიცია საკმაოდ დიდია. 25 მილიონ ევროზეა საუბარი. პროექტი უკვე დამტკიცებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაცები საჭიროებს გადახედვას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, როგორც ნაგავსაყრელის ხელმძღვანელობასთან, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელები არსებობდეს,"-განმარტა შავლეგო ტაბატაძემ და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეთანხმება შედგება.

ქუთაისთან ახლოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჭოგნარის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელი აშენდება. პროექტის მიხედვით, ნაგავსაყრელი დაახლოებით 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. ნარჩენების ტრანსპორტირება და ნაგავსაყრელზე განთავსება რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდანაც მოხდება.

რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

| Print |