პოლიტიკა
"არ ვიცით კონკრეტული ვადები, მიმდინარეობს მუშაობა"
ქუთაისის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალაქს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემა ჰქონდეს. განცხადება ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა.

როგორც ირაკლი ცხვედიანი ამბობს, სატრანსპორტო კუთხით ქალაქში არსებული პრობლემა მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანით მოგვარდება, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებთან, დათვლილია ხარჯები და სამინისტროებში მონაცემები გადაგზავნილია.

"2019-2020 წლის ბოლოს სატრანსპორტო ხაზებს ნებართვების ვადა გადის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკურსი ამ წლების ბოლოსვე გამოცხადდება. ამას სჭირდება სპეციფიური დაგეგმვა და მუშაობა. ჯერ არ ვიცით კონკრეტული ვადები, მიმდინარეობს მუშაობა,"-განაცხადა ცხვედიანმა. 

რაც შეეხება საღამოს საათებში ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სიმცირეს, ცხვედიანი განმარტებით, მორიგე მიკროავტობუსები საღამოს საათებში რეისებს ასრულებენ, უბრალოდ, იზრდება ლოდინის დრო და ამიტომ ჩნდება მოსაზრება, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს. 

მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემა ქალაქში 2007 წელს გაუქმდა. 

ამ ეტაპზე ქუთაისში 10 საავტომობილო ხაზია, რომელსაც 68 ავტობუსი ემსახურება. ქალაქში ფუნქციონირებს 160 მიკროავტობუსი.

ფოტო:ინტერნეტ სივრცე
| Print |