საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  9 თებერვალს ქუთაისსა და წყალტუბოს ეწვევა.

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.
ის ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს.

პრეზიდენტი რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა: რამდენიმე სანატორიუმს, საწურბლიას მღვიმეს და გაბაშვილის გორას დაათვალიერებს, რომელზეც ქართულ- პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები პრეზიდენტს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ. წყალტუბოში პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს.

სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდება და ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. პრეზიდენტი ეწვევა კომპანიას “ჰერბია”-ს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილის მიზანი საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა. პრეზიდენტს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უმასპინძლებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *