პოლიტიკა
"აბსოლიტურად აცდენილია რეალობას, არც შეთავაზება ყოფილა და არც ჩემი ძმის სურვილი"
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ვიცე-მერის გიორგი იობაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მის ადგილს ლაშა ნარჩემაშვილი დაიკავებს. 

ლაშა ნარჩემაშვილი პარლამენტში წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო და უშიშროების სამინისტროს ქუთაისის საქალაქო განყოფილებაში მუშაობდა. ლაშა ნარჩემაშვილი პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის ძმაა.

"აბსოლიტურად აცდენილია რეალობას, არც შეთავაზება ყოფილა და არც ჩემი ძმის სურვილი,"-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ იობაშვილი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას ქალაქისა და საზოგადოების წინაშე. 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. ის კურატორობას მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს უწევდა. 

დღეს თანამდებობა დატოვა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა. იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გრიგოლ დალაქიშვილი პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს მუშაობას დალაქიშვილი ან ვინ დაიკავებს მის ადგილს.
| Print |