თეთრ ხიდზე სტიკერების დაკვრისათვის “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლის შესაძლო დაჯარიმების საკითხი

მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე “ლიბერალური კლუბის” წევრმა გოჩა ჩხეტიამ დააყენა. როგორც ჩხეტია ამბობს, თეთრ ხიდზე სტიკერების დაკვრა კანონიერი ქმედებაა, რომელიც აზრისა და თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში ჯდება.

“ქუთაისის მერიამ სასამართლოში დაჯარიმების მოთხოვნით ოქმი უკვე გადააგზავნა. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შევიდეს თუ არა ოქმი ძალაში. ვითხოვთ, რომ მერიამ სასამართლოდან ოქმი გამოიწვიოს,”-განაცხადა გოჩა ჩხეტიამ.

საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, მერს შესაბამის სამსახურებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის რეკომენდაცია გადაეგზავნება.

“ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერები არასამთავრობო ორგანიზაციას კი არა მერიას უნდა გაეკრა. ადრეც გვქონდა ამაზე საუბარი, რომ ამინდში გვიმართლებს. მესმის, რომ ცუდი ამინდის დროს ნებისმიერი გზა სახიფათოა, მაგრამ ხიდზე რომ ვინმემ დაზიანება მიიღოს არა მარტო ქუთაისი, არამედ მთელი საქართველო გაიგებს,”-განაცხადა საბჭოს მდივანმა ნუგზარ კოხრეიძემ.

“ევროპა ჩვენი სახლია”-მ გამაფრთხილებელი სტიკერები თეთრ ხიდზე იანვრის პირველ ნახევარში დააკრა. ორგანიზაციის წევრების აზრით, ხიდზე გადაადგილება მოქალაქეებისათვის სახიფათოა.

შეგახსენებთ, რომ თეთრ ხიდზე მინის ნაწილი დაზიანდა. როგორც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა, ხიდის დაზიანება მინის ნაწილზე ბავშვების ხტუნვამ გამოიწვია.

ფოტო: პირველი არხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *