პოლიტიკა
ქუთაისის მერიის "სპეციალური სერვისები" ავტომანქანების შესაკეთებლად საკუთარ ავტოფარეხს გააკეთებს
ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" საკუთარ ავტოფარეხს აკეთებს, სადაც გვეყოლება ხელოსნები. დასუფთავების სამსახურისა და მერიის ავტომობილები აქ შეკეთდება. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც ქუთაისის მერმა განმარტა, "სპეციალური სერვისების" ტექნიკა მოძველებულია და მისი რემონტი მერიას ძვირი უჯდება. გიორგი ჭიღვარიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა 200%-იანი ეკონომიის გაკეთების საშუალებას იძლევა.

"დასუფთავების სამსახური კარგად მუშაობს, თუმცა, გვაქვს პრობლემები ტექნიკასთან დაკავშირებით. გვაქვს მოძველებული ტექნიკა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ, რომ გარკვეული ტიპის დახმარებები გაგვიწიონ. ზოგჯერ არის დღეები, როდესაც 5-6 მანქანა ერთად არის გაფუჭებული. ასევე, საკმაოდ ძვირი ჯდება რემონტიც. ამიტომ, ჩვენ ავიღეთ მიმართულება, დასუფთავების სამსახური აკეთებს თავის ავტოფარეხს, სადაც გვეყოლება ხელოსნები. დათვლილი გვაქვს ხარჯები და გაცილებით იაფია, სავარაუდოდ, 200%-იან ეკონომიას ველოდებით. შესაძლოა, მერიის ტრანსპორტიც იქ გაკეთდეს,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


| Print |