საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის

 

ინაუგურაციის შემდეგ ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ის 11 თავისა და 78 მუხლისგან შედგება.

ახალი კონსტიტუციით, საქართველო არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ასევე განსაზღვრულია ქორწინების დეფინიცია და ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი და ქვეყნის საგარეო მიმართულება. 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.

ახალი კონსტიტუციით, 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან დედაქალაქში სრულად უნდა დაბრუნდეს.

2024 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება.

ახალი კონსტიტუციით გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება.

ახალ კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. მმართველმა გუნდა 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *