ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ.

როგორც მუშები ამბობენ, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები უკვე სამი თვეა შეჩერებულია. მიზეზად შახტში უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება სახელდება. მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსი ხვიჩა გაბუნია ამბობს, რომ სამუშაო პროცესი 15 დეკემბრამდე უნდა განახლებულიყო, თუმცა, თარიღმა პირველ იანვრამდე გადაიწია. მეშახტეები შიშობენ, რომ შახტი აღარ ამუშავდება.

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ შახტის ფუნქციონირება გაგრძელდეს ისე, როგორც მთავრობა დაგვპირდა. ტყიბული უნდა დაუბრუნდეს იმ რეჟიმს, რომელიც ამ დრომდე იყო. გააკეთონ განცხადებები მთავრობის წევრებმა, აღდგება თუ არა მუშაობა, რადგან ტყიბულის ერთადერთ სასიცოცხლო ძალას ეს სამუშაო წარმოადგენს,”-აცხადებს ხვიჩა გაბუნია და განმარტავს, რომ შახტის ხელმძღვანელობა გაურკვევლობაშია და მუშებს ზუსტ პასუხს არავინ ეუბნება.

იმ შემთხვევაში, თუ შახტა დადგენილ ვადებში არ ამუშავდება მეშახტეები საპროტესტო აქციებსა და შიმშილობას აანონსებენ.

მინდელის სახელობის შახტი 2006 წელს გაიხსნა. ქვანახშირის მოპოვება ადგილზე 2018 წელს მომხდარი ბოლო შემთხვევის შემდეგ შეწყდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *