კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში

ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კოხრეიძე მიიჩნევს, რომ მას გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს. ორგანიზაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატისათვის მიმართვას გეგმავს. 

ნუგზარ კოხრეიძე გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონფერენციაზე დასასწრებად მიდიოდა. კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს, მესაზღვრეებს არ განუმარტავთ. მხოლოდ განუცხადეს, რომ სისტემაში დაშვებული არ იყო და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

საზღვარზე სულ 16 აქტივისტი არ შეუშვეს. 16-ვე ადამიანის ისტორიის იურიდიულ დოკუმენტად ჩამოყალიბება იგეგმება და ადამიანის უფლებების დამცველ ყველა უწყებაში გაიგზავნება. 

“შენგენის ზონა გადავლახე გერმანიაში. რადგან ამ ქვეყანამ შენგენის ზონაში შემიშვა, ე.ი შენგენის რეგულაციებთან და ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში დარღვევები არ მაქვს. წესით, პოლონეთში საზღვარი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს საზღვარი დროებით, ამ ღონისძიების გამო არის შემოღებული. სწორედ ამ საზღვარმა აჩვენა, რომ ნუგზარ კოხრეიძე ქვეყნისათვის წარმოადგენდა საფრთხეს. მესაზღვრეებისაგან სხვა განმარტება არ მიმიღია,”-განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

როგორც ორგანიზაციის აქტივისტი განმარტავს, პოლონეთის მთავრობამ უნდა აღიაროს დაშვებული შეცდომა და 16-ვე აქტივისტს მონაცემთა ბაზა გაასუფთავოს, რათა მომავალში მათ მსგავსი პრობლემები კვლავ არ შეექმნათ. ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შესაძლოა კომპენსაციას მოითხოვონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *