გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს.

2019 წლის ბიუჯეტის მოცულობისა და ხარჯების შესახებ კომენტარი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ გააკეთა. მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით შემცირებული არ არის და 54 მილიონ 960 ათას ლარს შეადგენს. მისივე განმარტებით, ბიუჯეტი რგფ-დან გამოყოფილი თანხით 11 მილიონით გაიზრდება. როგორც ნიშნიანიძე აცხადებს, წლის ბოლოს ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 70 მილიონი ლარი გახდება. 

“არ ვიცი გიგა შუშანიამ ეს ციფრები საიდან მოიტანა. ბიუჯეტის წაკითხვა ძალიან მარტივია და მითუმეტეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას საკრებულოს დეპუტატისათვის,”-განაცხადა ნიშნიანიძემ.

რაც შეეხება დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შორისაა რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს და ხარჯები ჯერ ბიუჯეტში განსაზღვრული არ არის. 

საფინანსო სამსახურის უფროსს ბიუჯეტის ნახევრის ხელფასებზე გადანაწილება უჩვეულოდ არ მიაჩნია და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა წლების განმავლობაში თითქმის უცვლელია. ნიშნიანიძე წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდასაც უარყოფს.

“ბოლო წლების განმავლობაში ხელფასებზე ყოველთვის 24 მილიონი იხარჯებოდა, დამათებითი მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება,”-განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 10 მილიონითაა შემცირებული და 49 მილიონს შეადგენს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, 2019 წელს ბიუჯეტის ნახევარს 24,5 მილიონ ლარს მერია ხელფასებში დახარჯავს. 7 მილიონი ლარი მოხმარდება მერიისა და საკრებულოს აპარატის შენახვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *