გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 

ქართულ ოცნებას თაღლითობასა და ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს. ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლის, გიგა შუშანიას განცხადებით,  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 204 ათასი (20ჰექტარი) კვადრატული მეტრი მიწა ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელზეც 270 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო და 2–3 წელიწადში უნდა აშენებულიყო რამდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სტადიონი, კაზინო, დიდი სავაჭრო ცენტრი.

“ამ პროექტს უწოდეს “ოცნების ქალაქი”. გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია” მიაჩნია, რომ ეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად იყო ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და ქუთაისმა “ოცნების ქალაქის” ნაცვლად მიიღო საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა, ქალაქიდან მასიური მიგრაცია, გაღარიბებული მოსახლეობა და გადათხრილი ქუჩები.
მიუხედავად საკრებულოს დადგენილებისა და წინასწარი შეთანხმებისა, რომ მიწა პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში უკან დაუბრუნდებოდა ქალაქს, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს აღნიშნული მიწის გადმოცემაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ მიწის მისაკუთრებით დაინტერესებულია პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკის სამინისტრო კი მისთვის გადასაცემად ამზადებს აღნიშნულ მიწას. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული მიწა სასწრაფოდ დაუბრუნდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტს, მოვუწოდებთ ქუთაისის საკრებულოს მისი დადგენილების შესაბამისად დაიცვას ქალაქის ინტერესები, ასევე დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ამ ავანტიურაში მონაწილე ყველა პირი.”- აცხადებს გიგა შუშანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *