“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს თეთრ ხიდზე სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შესახებ

ხიდის პროექტის ავტორმა ავტორმა გია ხუჯაძემ უპასუხა. როგორც ხუჯაძე აცხადებს, ხიდი გადასაადგილებლად მოქალაქეებისათვის უსაფრთხოა. რაც შეეხება მდგრადობას,  ავტორის განმარტებით, ხიდზე განთავსებული ლითონის საფარი უფრო მსუბუქია, ვიდრე რეაბილიტაციამდე არსებული.

“ლითონის საფარი ახლა უფრო მჩატეა, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო და ეს ხიდის მდგრადობას ხელს ვერ შეუშლის. იქნება თუ არა უსაფრთხო ხიდზე გადაადგილება მისი მოყინვის დროს, პრაქტიკა გვაჩვენებს. მოყინვის დროს ნებისმიერი ზედაპირი ცურავს. უბრალოდ, ფრთხილად უნდა იაროთ, უნდა მოუფრთხილდეთ თავს,”-აცხადებს გია ხუჯაძე.

პროექტის ავტორის თქმით, ხიდზე სამუშაოები დასრულებული არ არის და ის მერიას ჯერ არ ჩაუბარებია. გია ხუჯაძის განმარტებით, ხიდზე თეთრი ქვების იმიტაცია განთავსდება და ის პროექტიდან ამოღებული არ არის.

“ნებისმიერ სამშენებლო სამუშაოებს ახლავს ხარვეზი, რომელსაც შემდეგ ასწორებენ. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია წვრილმანი სამუშაოები. ხარვეზების გამოსწორების გარეშე, კომპანია ვერ მიიღებს კუთვნილ თანხას. თეთრი ქვების იმიტაცია უნდა განთავსდეს ხიდზე, პროექტიდან ის ამოღებული არ არის,”-ამბობს ხუჯაძე.

რაც შეეხება ხიდის ჩაბარების თარიღს, აღნიშნული უცნობია, თუმცა, როგორც ხუჯაძე ირწმუნება, მასზე გადაადგილება უსაფრთხოა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ხიდის მდგრადობასთან დაკავშირებით სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიდება.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ალმა რუს საქართველომ” შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *