პოლიტიკა
"50 ლარი სწრაფად დაგეხარჯებათ"- გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ბრიფინგი მოაწყო. ვაშაძემ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას 17:00-დან 19:00 საათამდე გეგმავს. პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდებს.

"ჩვენს გამარჯვებას კარგად გრძნობს ე.წ "ქურდული ოცნება", ამიტომ გაყალბების მცდელობისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მივმართავ ამომრჩევლებს, 50 ლარი სწრაფად დაგეხარჯებათ, ამ თანხად კი შვილების მომავალს ყიდით. მისი დახარჯვის შემდეგ ისევ იმ ამაზრზენ რეალობაში გაიღვიძებთ,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.
| Print |