ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიგა შუშანიამ ქუთაისის საკრებულოს წევრებს სხდომის დატოვებისაკენ მოუწოდა.

შუშანიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან შეერთება სთხოვა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საკრებულოს წევრები აქციაზე ერთად უნდა იდგნენ, რადგან დღეს ქუთაისის მომავლის ბედი წყდება.

“ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან ბევრი ადამიანი დგას იმისათვის, რომ დაიცვას ქუთაისის ღირსება. ქუთაისის უახლოესი მომავლის ბედი პარლამენტთან წყდება. მოვუწოდებ საკრებულოს წევრებს, შეუერთდნენ აქციას. დუმილი ნიშნავს ამ მავნებლური გადაწყვეტილების მხარდაჭერას. დღეს დუმილი არის დანაშაულის ტოლფასი. ქუთაისში აღარ დარჩებიან ადამიანები. ქუთაისის ყველა გულშემატკივირს ადგილი არის პარლამენტთან,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს წევრებს პარლამენტის საკითხზე საერთო განცხადების მომზადება მეორედ სთხოვა, თუმცა, უმრავლეოსობამ კვლავ უარი განაცხადა.

დეპუტატმა სხდომა დატოვა და მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ქუთაისში პარლამენტის წინ აქციას სამოქალაქო საზოგადოების წევრები მართავენ. ისინი პარლამენტის ქუთაისში დატოვებას მოითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *