საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგი განახორციელა.

ასევე, საია-მ ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია”-ს განცხადება გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც კომისიების ნეიტრალურ წევრებად “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები და სუსის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იქნენ შერჩეული.

“რამდენიმე დღეში ველოდებით კვლევის გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალურ წევრებში “ქართული ოცნების” აქტივისტები შეინიშნება. დაველოდოთ დასკვნას, იქ სხვა დარღვევებზეც არის საუბარი,”-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა, ზაალ გორგიძემ.

როგორც საიაში აცხადებენ, კომისიების დაკომპლექტებაში დარღვევები ქუთაისში, წყალტუბოში , ჭიათურაში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეინიშნება, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის კვლევაში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წევრმა, ლაშა შალამბერიძემ საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრებით დაკომპლექტების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. როგორც მოძრაობის წევრმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომისიების შემადგენლობაში ნეიტრალური წევრების ნაცვლად, სახელისუფლებო ძალების მხარდამჭერები და აქტივისტები არიან შერჩეული. მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე თანამდებობის პირების ნათესავები და ახლობლებიც გადანაწილდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *