პოლიტიკა
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ეკონომიკური განვითარების გეგმა ორწლიანია. დოკუმენტში აღწერილია დასაქმების ხელისშემწყობი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. რაც შეეხება ანტიკორუფციულ გეგმას, ის გაეროს განვითარების პროგრამის ინიცირებით შეიქმნა.

ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, ანტიკორუფციულმა გეგმამ ქუთაისს ცნობადობა შესძინა. მისივე თქმით, ქუთაისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც ანტიკორუფციულ გეგმას ფლობს. აღნიშნული გეგმის პრეზენტაციისათვის მერია ბრიუსელში, ევროპულ კვირეულზეა მიწვეული. გეგმა რამდენიმე სფეროს მოიცავს, მათ შორისაა ნებართვების გაცემის, მშენებლობების, ზედამხედველობის, თანამშრომლების შესარჩევად კონკურსების ჩატარების კონტროლი და მერიის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდა.

ეკონომიკური განვითარების გეგმა 2 წელზეა გაწერილი. გეგმა ბიზნესის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოძიებასა და საცხოვრებელი, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას მოიცავს. გეგმის შესასრულებლად სხვადასხვა აქტივობების განხორციელება იგეგმება, მათ შორისაა ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნა და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ორგანიზება, ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობა.
| Print |