ქუთაისის საკრებულოს უხუცესი დეპუტატი ალექსანდრე ახალაძე საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საუბრობს.

ახალაძე იმ გარემოებების შესახებ აკეთებს განცხადებას, რომელიც საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის გია უკლებას ცემას უძღოდა. როგორც უხუცესი დეპუტატი განმარტავს, დაპირისპირების დაწყებას დაახლოებით ათი დღის წინ დაწერილი პოსტი უძღოდა, რომელშიც ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებდა. ალექსანდრე ახალაძე ყვება, რომ გია უკლებას პოსტს მან საპასუხო პოსტი სოციალურ ქსელში მალევე მიუძღვნა, რომლითაც ოპოზიციონერი დეპუტატი ამომრჩევლის შეურაცყოფაში ამხილა და ბოდიშის მოხდა სთხოვა.

“მსგავსი პოსტები მის მიმართ ძალიან ბევრმა დადო და ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. ფაქტიურად, მან ამ ყველაფრის იგნორირება გააკეთა,”-განაცხადა ალექსანდრე ახალაძემ.

საკრებულოს უხუცესი წევრი ქუთაისის საკრებულოს კომისიის გუშინდელ სხდომასაც იხსენებს.

“სხდომაზე შემოვიდა გიგა შუშანია და მიხვდა, რომ ჩვენ სამართლიანი გულის წყრომა გვქონდა იმის შესახებ, რომ უკლებას საკრებულოს წევრისათვის შეუფერებელი საქციელი ჰქონდა,”-განაცხადა ახალაძემ.

საკრებულოს უხუცესი დეპუტატი იხსენებს, რომ კომისიის სხდომის ჩატარების დღეს, საღამოს საათებში გიორგი უკლებამ ახალი პოსტი დადო და ამჯერად გიორგი ჭიღვარია გააკრიტიკა. მისივე თქმით, მან საკრებულოს დეპუტატების რეალური გულისწყრომა ქალაქის მერის კრიტიკით გადაფარა.

“თითქოს, ჩვენი გულისწყრომა იყო არა იმის გამო, რომ შეგვიგინა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები, არამედ გიორგი ჭიღვარიას გამო.

რაც შეეხება საკრებულოს დღევანდელ სხდომასა და დეპუტატებს შორის დაპირისპირებას, უხუცესი დეპუტატი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრი იმედა საღინაძე გიას უკლებამ თავად გამოიწვია.

“თვითონ გაიყვანა უკლებამ საღინაძე გარეთ და ხელი პირველმა მოიქნია. გაყვანის პროვოცირებაც მან მოაწყო და გინებაც მოაყოლა,”-განაცხადა ალექსანდრე ახალაძემ და აღნიშნა, რომ საკრებულოს სხვა დეპუტატები მათ გაშველებას ცდილობდნენ.

ალექსანდრე ახალაძე საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებაზე საუბრობს და მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

“საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. როდესაც სულში გაფურთხებენ და ცოლ-შვილს გიგინებენ და შემდეგ გარეთ გაყავხარ, ძალიან ძნელია საპასუხო რეაქცია არ იყოს,”-ამბობს ახალაძე.

უხუცესი დეპუტატი საკრებულო სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტსაც აღნიშნავს. მისი თქმით, შუშანია და უკლება ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუს აძლევდნენ, რის შემდეგადაც უკლება მას გამოელაპარაკა.

“მოვიდნენ ჩემთან უკლება და მეუბნება: შენ დიდი ხანია ხარ პოლიტიკაში და არ გეშლება, მე დღეს სპეციალურად გავილახე თავი, ეს პოლიტიკურად არის მომგებიანი. მან ეს ჩემთან აღიარა,”-ამბობს ახალაძე.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ამტკიცებს, რომ გია უკლებას უნდა მომხდარი გადაფაროს და რეალურად ამომრჩევლის შეურაცხყოფის გამო დაწყებული დაპირისპირება გიორგი ჭიღვარიას კრიტიკას დააბრალოს. 

ალექსანდრე ახალაძესთან საუბარს გია უკლება არ ადასტურებს და განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დღეს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მოხდა. აღნიშნულის გამო საზოგადოებას ბოდიში მედიისათვის გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამაც მოუხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *