გაერთიანებულ ოპოზიციაში “ძალა ერთობაშია” კვლავ ადასტურებენ,

რომ პარტია “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციიდან მოძრაობას 140 ადამიანი შეუერთდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ და “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა, გია თევდორაძემ გააკეთეს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, პარტიიდან “ძალა ერთობაშია”-ს, სხვა წევრებთან ერთად, “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები შეუერთდნენ, მათ შორის: ელისო დათუსანი, დავით ჯანელიძე, ანდრო მაღლაკელიძე. მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში “ევროპული საქართველოს” შტაბის ხელმძღვანელები და წევრებიც გადავიდნენ. როგორც ვაშაძე აცხადებს, წევრებმა პარტია სხვადასხვა დროს დატოვეს.

“ამ ადამიანებმა პერიოდულად, რამდენიმე თვის განმავლობაში დატოვეს “ევროპული საქართველო”. ახლა ერთად ვიბრძვით გამარჯვებისთვის,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი წევრი, გია თევდორაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი პარტიიდან წამოსვლის მიზეზების შესახებ.  

“თითქოს ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის გამო დავტოვე, რაც სისულელეა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ადგილი დამითმია, ვიდრე რიგითი პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობაა,”-განაცხადა გია თევდორაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია 140-მა წევრმა დატოვა, “ევროპულ საქართველოში” უარყოფენ. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ამირან ძოწენიძე აცხადებს, რომ რამდენიმე წევრი პარტიიდან 10 თვის წინ წავიდა. მისივე განმარტებით, სწორედ მათ შორის იყო გია თევდორაძეც, რომელმაც პარტიიდან წასვლა შიდა პრაიმერის ჩატარებამდე გადაწყვიტა. ძოწენიძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ მოიაზრება 140 ადამიანში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *