ა(ა)იპ-ში “საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი”თვითმმართველობის

ა(ა)იპ-ების თანამშომლები თანხას წინასწარ დარიგებული თანხმობის განცხადებებით რიცხავენ. ამის შესახებ საია-ს ქუთაისის ფილიალში საუბრობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “საქველმოქმედო ფონდი ქუთაისის” საქმიანობას სწავლობს. 

ფონდის დამფუძნებელი, ააიპ “ქუთაისის მადლიერების სახლი”-ს დირექტორ თამთა ბაკურაძესთან ერთად, კიდევ სამი პირია: ინგა აბრამიძე, სალომე ხარაბაძე და ვახტანგ თევდორაძე. 

“უმარავი ა(ა)იპ-ები იქმნება.  თუმცა ეს იმითაა საინტერესო, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი  თანხების გადარიცხვა ხდება ზეწოლით. ჩვენ ვესაუბრეთ ქუთაისის მერიის თანამშრომლებს და ისინი ნამდვილად ადასტურებენ იმას, რომ მათ გადასცეს წინასწარ მომზადებული განცხადება, რომლითაც ისინი მიმართავდნენ ქუთაისის მერს და ითხოვდნენ მათი ხელფასიდან ყოველთვიურად აღნიშნული ფონდის სასარგებლოდ გადაირიცხოს  ერთი პროცენტი. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ მათ ნებაყოფლობით მიმართეს მერს აღნიშნული განცხადებით. თანამშრომლები ასევე პირად საუბარში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი “ზედამხედველობს” აღნიშნულ ფონდს და რეალურად ფონდი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება”,- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბარში საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი ოფიციალურად საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 7ივლისს დარეგისტრირდა. ფონდის საქმიანობა და შექმნა ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს და “პარტიული ყულაბა” უწოდეს. ქალაქის მერმა და ვიცე მერმა მაშინ განმარტეს, რომ მას მერიასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენება გამორიცხეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ფონდის თანხების გამოყენება არ მოხდება. 

ფონდში თვითმმართველობაში შემავალმა ყველა ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა უნდა გადარიცხოს ყოველთვიური ხელფასის ერთი პროცენტი. წესდებაში წერია, რომ მისი მიზანია შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისათვის. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ფორმით ყოველთვიურად ფონდში 20 ათასი ლარი გადაირიცხება. საია აგრძელებს ფონდის საქმიანობის შესწავლას და დამატებითი მასალების გამოთხოვის შემდეგ, ფონდის საქმიანობის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *