იმერეთის ახალი გუბერნატორი,

პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე 1977 წელს საჩხერეში დაიბადა. სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში ჯ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

ჰყავს მეუღლე ეკატერინე ბარბაქაძე და 4 შვილი.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე რაიმე სახის ქონება არ ფიქსირდება.

მისი მეუღლის, ეკატერინე ბარბაქაძის სახელზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში (108.00 კვ.მ), ასევე ის არის ხაშურში, სოფელში ალი 3000.00 კვ.მ მიწის ფართობის მესაკუთრე (50 %), ამავე სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის 50 %-იანი წილიც ეკატერინე ბარბაქაძეზეა რეგისტრირებული, მის სახელეზეა გაფორმებული რუსთავის აგრარული ბაზრის 18.00კვ.მ.

დეკლარაციის მიხედვით, შავლეგ ტაბატაძის მეუღლე ხაშურში, სოფელ ალში მდებარე სასოფლო საწარმოს მფლობელია, თუმცა 2016 წლის მონაცემებით, საწარმოს საქმიანობით 2015 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი ნული ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *