“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ინფორმაცია გამოაქვეყნა იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები: არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს კვლევის თანახმად, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი ტარიელ ჭიღვარია შპს “ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში” 33,3%-იანი წილის მფლობელია. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ ტარიელ ჭიღვარიას სოფელ ჭრებალოში 474 კვ.მ. და 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს. ასევე, სოფელ მაღლაკში მის საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 2500 კვ.მ. ფართობის, თუმცა, გიორგი ჭიღვარიას დეკლარაციაში მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.

ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი ვალერი ყენია. ვალერი ყენიას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მას სოფელ ჩაისუბანში აქვს შემდეგი მიწის ნაკვეთები: 2522 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 2518 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 5040 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს ანგარიშის თანახმად, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსს გიორგი გიორგობიანს დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ იგი არის შპს ჯი.თი.ჯი გრუპ G.T.G. group-ის 33.3%-იანი წილის მფლობელი. მას აღნიშნული წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოახდინოს
კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *