ქუთაისის მერიის წინ დასავლეთ საქართველოს საკრებულოების “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის დეპუტატები შეიკრიბნენ.

დეპუტატებმა სოლიდარობა ენმ-ის ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეს გამოუცხადეს, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გია უკლებას თქმით, “ქართული ოცნება” ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე გადავიდა. უკლებას აზრით, მომხდარი ფაქტები არა მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის პრობლემაა.

“რამდენიმე დღის წინ, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, დააკავეს დეპუტატები: ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე. ვითომ ეს კანონდარღვევა საკმარისი არ იყოს და ოზურგეთში, ორიოდე დღის წინ, ბესო ქათამაძეს სცემეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ სოლიდარობას ბესო ქათამაძის მიმართ,”-განაცხადა გია უკლებამ.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ანა წითლიძე განმარტავს, რომ ბესო ქათამაძის ცემის მიზეზი დეპუტატის სოციალურ ქსელში აქტიურობა და მმართველი პარტიის კრიტიკა გახდა. მისივე თქმით, ქათამაძეს “ქართული ოცნების” 4-მა დეპუტატმა 15 ივნისს სცემეს და ისინი საკრებულოში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

“ის, რაც ოზურგეთის საკრებულოში მოხდა, როდესაც სცემეს საკრებულოს არჩეულ დეპუტატს, განსხვავებული აზრის გამო, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფეხქვეშ გათელა ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრინციპი. ეს პირდაპირ პროპორციული იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზე,”-განაცხადა ანა წითლიძემ.

ფოთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” ენმ-ის დაშლა სურს, რადგან პარტია მთავრი ოპოზიციური ძალაა.

“ნაციონალური მოძრაობა” არის დომინანტი პარტია და ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაანადგურონ “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ არ გამოუვათ. ბესო ქათამაძე 2008 წელს რუსის ჯარს გადაურჩა და დღეს, განსხვავებული აზრის გამო, უნდათ ზიანი მიაყენონ,”-განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

დასავლეთ საქართველოს საკრებულოების ენმ-ის დეპუტატები ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ. ოპოზიციური პარტია დამნაშავეებისა და მათი მფარველი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯასა და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

დეპუტატები პარასკევს, 14:00 საათზე, ოზურგეთის გამგეობის წინ აქციის ჩასატარებლად ემზადებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *