ქუთაისის მერიამ 2017 წელს იჯარით 37 ქონება გასცა.

30 პირდაპირი წესით, ხოლო 7 აუქციონის მეშვეობით. სტატისტიკას “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი მერაბ მეშველიანი ასაჯაროვებს. მეშველიანის აზრით, მერიამ ქონების პირდაპირი წესით გადაცემა უნდა შეწყვიტოს.

“პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, უფრო მეტი უნდა იყოს კონკურენცია. ქალაქის მერიამ ქონება იჯარით აუქციონის წესით უნდა გასცეს. არის შემთხვევები, როდესაც მიეცათ გარკვეული ქონებები, მაგრამ იქ სამუშაოები დაწყებულიც კი არ არის. მაგალითად, შპს “ფარს” ქალაქის ცენტრში 25 კვადრატული კილომეტრი გადასცეს, რათა დაესრულებინა სამუშაოები. მათ 2017 წლის 20 ოქტომბერს, პირდაპირი წესით, 250 კვადრატული კილომეტრი იმისათვის მისცეს, რომ მოეწყობოდა სკვერი და გარემო. ერთი წელი გავიდა და იქ არაფერი მომხდარა,”-განაცხადა მეშველიანმა.

მეშველიანი ამბობს, რომ შპს “ფარი” ზუსტი მაგალითია იმისა, თუ რატომ არ უნდა გაიცეს ქონება პირდაპირი განკარგვის წესით. მისივე განმარტებით, ფრაქციამ მშენებლობის დასრულების ვადის დასახელება მოითხოვა და როგორც აღმოჩნდა, პროექტი მიმდინარე თვის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. მეშველიანი აცხადებს რომ საეჭვოა, მაისის ბოლომდე ადგილზე რაიმე ტიპის შენობის აღმართვა მოხერხდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *