ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-7 სხდომის დღის წესრიგში ცვლილება შევიდა.

თავდაპირველად, ვანისა და ხონის მერიებისათვის მეორადი გარე განათების სანათების გადაცემა იგეგმებოდა, თუმცა გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე გაუქმდა და საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

როგორც “ევროპული საქართველოს” დეპუტატი დავით გოგისვანიძე განმარტავს, სანათების გადაცემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და “ქართული ოცნება” ამ ქმედებით წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ცდილობდა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიამ უწყებათაშორის კომისიას მიმართა, რის გამოც საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

“რატომღაც ქუთაისმა გამოიჩინა კეთილი ნება, რომ ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებისათვის გადაეცა გარე განათების სანათები. ხონსა და ვანში დადიან “ქართული ოცნების” აქტივისტები და მოსახლეობას დაპირებას აძლევენ, რომ არჩევნებამდე გარე განათების პრობლემას მოუგვარებენ. გარე განათების სანათების გადაცემა ვანისა და ხონისათვის ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად იგეგმებოდა,”-განაცხადა გოგისვანიძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ უპასუხა.

“ვანისა და ხონის მერებიდან წერილობითი თხოვნა შემოვიდა, სწორედ ამიტომ განვიხილეთ საკითხი ბიუროზე. ქმედებას არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ახლდა,”-განაცხადა ლატარიამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ  განმარტა, სანათების მიღებაზე სურვილი სხვა მუნიციპალიტეტებმაც გამოთქვეს, თუმცა მერიას სანათების საკმარისი რაოდენობა არ აღმოაჩნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *