საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 4 ფაქტი გამოვლინდა; ასევე თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 ფაქტი. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის კუთვნილმა კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე არაერთი ხელშეკრულება გააფორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტთან.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 2017_ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ის ასევე არის შპს “ბერტა იმერეთის” დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 6 000 ლარი შესწირა.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარის, კონსტანტინე ამაშუკელის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის შპს “სხივისა” და შპს “სხივი 2015”-ს დირექტორი და მეწილე. იგი დეკლარაციაში უთითებს, რომ აღნიშნულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2017 წლის თებერვალში, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ორივე მეწარმე სუბიექტს აქტიური სტატური გააჩნია. შესაბამისად, კონსტანტინე ამაშუკელი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს “სხივი 2015” მონაწილეობდა ტენდერებში, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტთან 2015 და 2016 წლებში გააფორმა გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ორი ხელშეკრულება ინტერნეტმომსახურებასთან დაკავშირებით.

თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ 2017 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ახალ დონეში” 100%-იანი წილის მფლობელი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი შვილი, გიორგი სოფრომაძე ხელმძღვანელობს შპს “ახალ დონეს”.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ ურიადმყოფელმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “მომმარაგებელის” 25 % წილის მესაკუთრეა.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ ფანჩულიძემ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “კოლხიდა+_ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ასევე ნუგზარ ფანჩულიძემ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი მეუღლე ნათელა გაბელაშვილი ხელმძღვანელობს და ფლობს წილებს კომპანიებში:

შპს “პანინი” – 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი

შპს “ალტ-სოლუშენი” – 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *