არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს

წარმომადგენლები ქუთაისის მერიას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი განმარტავს, რომ ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელის მოსაწესრიგებლად გამოცხადებული ტენდერი ბოლო რაუნდში გააუქმა და ახალი ააიპის შექმნა დააანონსა. ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ქუთაისის მერიას ტენდერის გაუქმება შესყიდვების სააგენტოსთვის ათი დღით ადრე უნდა ეცნობებინა.

“2017 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერის ბოლო რაუნდი სამ იანვარს ჩატარდა და გამოვლინდა ორი პრეტენდენტი, რომელთაგან ერთ-ერთმა შედარებით დაბალი ფასი აჩვენა. ეს იყო გამარჯვებულის გამოცხადების წინა პირობა, თუმცა იმავე დღეს სატენდერო კომისიის ოქმი გამოვიდა, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ტენდერი,”-განაცხადა ბარათაშვილმა.

“ევროპა ჩვენი სახლია”-ს თავმჯდომარე გია გოქაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას უშლის ხელს.

“როდესაც მოქალაქეს გაუჩნდება სურვილი-მიიღოს მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში, თუ ის არ არის მერის ან გუბერნატორის ახლობელი, თავისუფლად, იმავე მიზეზით გამოუშვებენ ტენდერიდან,”-განაცხადა გოქაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერის შეწყვეტით არც კანონი და არც მონაწილეების უფლებები დარღვეულა.

“ქუთგანათების” დაფუძნებას საკრებულომ მხარი მიმდინარე თვეში დაუჭირა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *