ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის საკრებულოს დღეს დაგეგმილ

სხდომაზე სავარაუდო დამტკიცების შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანია ესაუბრა.

“რა თქმა უნდა, ბიუჯეტს დაამტკიცებენ, რადგან მათ უმრავლესობა ჰყავთ. გარდა ამისა, გუშინ უმრავლესობის წევრებმა თავადვე არ იცოდნენ თუ რომელ ბიუჯეტს განიხილავდნენ. კომისიის წევრები კითხვებს სვამდნენ -ახალი ბიუჯეტი შემოვიდა რამე თუ ის ძველი პროექტიაო,”-განაცხადა შუშანიამ.

შუშანიას თქმით, ბიუჯეტი არც ქუთაისელთა საჭიროებებზეა მორგებული და არც ქუთაისის განვითარებაზე. მისივე განმარტებით, ოფიციალური დოკუმენტი საკრებულოზე არ შესულა, ვიცე-მერი პირდაპირ კომისიის სხდომაზე მივიდა და ცვლილებები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სხდომაზევე შეიტანა.

გიგა შუშანია აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო ერთადერთი ფრაქცია, რომელმაც ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები ოფიციალურად დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომას დღეს, 15:00 საათზე გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *