“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით გოგისვანიძე დასახელდა.

გოგისვანიძე აღნიშნულ პოსტზე პრაიმერის (შიდა გამოკითხვის) წესით შეირჩა.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ დავით გოგისვანიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

“ეს არის ახლადშექმნილი პარტიის პირველი კონფერენცია. შეფასდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. ასევე, ქუთაისისათვის განკუთვნილი კვოტის თანახმად, შეირჩა პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატურა,”-განაცხადა გოგისვანიძემ.

კონფერენციას “ევროპული საქართველოს” ლიდერები დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია და გიგი წერეთელი ესწრებოდნენ.

გიგი წერეთელმა პარტიის ქუთაისის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს არჩევნებზე აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ვფიქრობთ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქუთაისის ორგანიზაციის გასაძლიერებლად. ჩვენ, როგორც პარტია, შიდადემოკრატიის პრინციპს ვეყრდნობით. მნიშვნელოვანია, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები ჩვენი ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილნი იყვნენ. ჩემთვის ქუთაისში ის კანდიდატი იქნება მისაღები, ვისაც ქუთაისელები მიიღებენ,”-განაცხადა ბაქრაძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პარტიის საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე ირჩევა.

“ევროპული საქართველო” ყველას ანახებს მაგალითს, რომ პარტია არა კონკრეტული პირების ფუფუნებისთვისაა შექმნილი, არამედ დაფუძნებულია ხალხის გადაწყვეტილებაზე. ყველა თავმჯდომარეს უნდა ესმოდეს, რომ ისინი ხალხისგან იღებენ ნდობას, რომელიც უნდა გაამართლონ და რომლის მიხედვითაც გადაწყდება მათი პოლიტიკური მომავალი,”-განაცხადა ხოშტარიამ.

დავით გოგისვანიძის არჩევამდე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას გია თევდორაძე ასრულებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *